„სიტიმ“ 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, გაბრიელ ჟესუსმა მძიმე ტრავმა მიიღო
ინგლისის პრემიერლიგაში 21-ე ტურის ბოლოს წინა შეხვედრა გაიმართა, რომელიც მეტად უიღბლო გამოდგა ჩემპიონატის ლიდერისთვის „მანჩესტერ სიტისთვის“.
პეპ გვარდიოლას გუნდი სტუმრად ხვდებოდა „კრისტალ პალასს“ და მატჩი 0:0 დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „სიტიმ“ შეწყვიტა 18-მატჩიანი მოგებათა სერია. სულ ამ გუნდს 4 ქულა აქვს დაკარგული 21 ტურში და ჯერ არც ერთხელ წაუგია. მანჩესტერელები უახლოეს მდევარ „ჩელსის“ 14 ქულით უსწრებენ.
„კრისტალ პალასი“ ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ლუკა მილივოევიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა.
მატჩის მე-11 წუთზე, „სიტის“ ფორვარდმა გაბრიელ ჟესუსმა მოედნის ცენტრში ტრავმა მიიღო. ბრაზილიელმა კიდევ 13 წუთი ითამაშა და 24-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად, მოედანზე სერხიო აგუერო შევიდა.