„სითი პარკის“ თანამშრომლები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდებიან
მინდა, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დავავალო, „სითი პარკში“ დასაქმებული 120 თანამშრომლის გამოცდილება გამოვიყენოთ და ეს ადამიანები სამსახურში ავიყვანოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა შევეხო „სითი პარკის“ თანამშრომლების ბედს და საკითხს. რამდენიმე დღის წინ მე დამისვეს ეს შეკითხვა და ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ყველა ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მინდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, ის 120 თანამშრომელი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, მათი გამოცდილება იყოს გამოყენებული და ეს ადამიანები იქნენ აყვანილი სამსახურში. ეს ადამიანები არიან ინსპექტორები და არ უნდა დაზარალდნენ მათი კომპანიის ქმედებების გამო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევე დაავალა, საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ყველა საჭირო ზომა მიიღოს.
„ასევე, მინდა მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს. მხედველობაში მაქვს საპარკინგე სივრცეების კეთილმოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება და ასევე, ტექნოლოგიური თვალსაზრისით თუ არის რაიმე საჭიროება იმისთვის, რომ ჩვენ უპრობლემოდ გავაგრძელოთ მუშაობა 10 აპრილიდან, მიიღეთ ყველანაირი ზომები. თუ არის რაღაცები შესაძენი, აუცილებლად გააკეთეთ ეს, რომ კომპანიამ უპრობლემოდ გააგრძელოს მუშაობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.