„სითი პარკის“ ადვოკატები ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე, ხელშეკრულების შეწყვეტა გადავადდეს
კომპანია „სითი პარკის“ ადვოკატებმა ნათია წკეპლაძემ და ალექსანდრე იოსელიანმა თბილისის მერს, კახა კალაძეს, სასამართლო დავის დასრულებამდე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის გადავადების მოთხოვნით მიმართეს.
„დღეს შევიტანეთ განცხადება თბილისის მერიაში შპს „სითი პარკის“ სახელით და მერს ვთავაზობთ, რომ გადაავადოს „სითი პარკთან“ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი სასამართლო დავების დასრულებამდე. მერიისთვის ცნობილია, რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ყველა განკარგულება, რომლითაც გაფრთხილება მიეცა „სითი პარკს“, თითქოსდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო. ყველა ეს სარჩელი ჯერ კიდევ სასამართლოშია, არ დასრულებულა და იმისათვის, რომ „სითი პარკს“ მიეცეს თავის უფლებებზე სამართლებრივი დაცვის საშუალება, სასამართლო დავები უნდა ამოიწუროს და ამის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ადმინისტრაციული დავების შესრულების ჯეროვნებაზე ან კეთილსინდისიერ შესრულებაზე საუბარი“, – განაცხადა „სითი პარკის“ ადვოკატმა, ნათია წკეპლაძემ.
ადვოკატის თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტისას შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პროცედურები დაცული არ ყოფილა.
„მოქმედი კანონმდებლობით უნდა დასრულდეს სასამართლო დავა და მერე შეიძლება ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ჩვენ ვდაობთ, რომ ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო „სითი პარკის“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასა თუ გაუქმებასთან დაკავშირებით, არ ჩატარებულა ანუ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პროცედურები დაცული არ არის. თუ ადმინისტრაციული ორგანო ამგვარ ნებას არ გამოიჩენს, „სითი პარკს“ ისღა დარჩენია, გააგრძელოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები და ვწუხვართ, რომ მერე ეს შეიძლება ცუდად აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების შეფასების თვალსაზრისით“, – აღნიშნა წკეპლაძემ.