სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოსა და აშშ-ს შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განხორციელდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის დელეგაციამ, საქართველოსა და აშშ-ს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, აშშ-ის იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე ხელშეკრულების პარაფირება მოხდა, მისი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიცირების მიზნით.
„ქართული მხრიდან ხელშეკრულების პარაფირება განახორციელა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ბრიუს შვარცმა. გენერალურმა პროკურორმა პარაფირების ცერემონიაზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომელთა მომზადებაში საქართველოს პროკურატურა აქტიურად მონაწილეობდა, მომავალში მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველს შექმნის, რათა ორივე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებმა ეფექტიანად გამოიძიონ დანაშაულები და დანაშაულის ჩამდენი პირების მართლმსაჯულების ორგანოთა წინაშე წარდგენა უზრუნველყონ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.