სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ შეშფოთებულია რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ იერიშებისა და პოტენციური სახმელეთო შეჭრის შესახებ ცნობებით
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის თქმით, ღრმად არის შეშფოთებული ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ იერიშებისა და პოტენციური სახმელეთო შეჭრის შესახებ ცნობებით.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აქტიურად იძიებს ღაზაში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს. ვინც დაარღვევს კანონს, ის პასუხს აგებს“, – განაცხადა ხანმა.
ამასთან, კარიმ ხანმა განუცხადა „როიტერს“, რომ ღაზის მოსახლეობის ნახევარი ამჟამად რაფაჰის გარშემო ცხოვრობს და, გავრცელებული ინფორმაციით, ახლა იქ მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა ექვსჯერ აღემატება ჩვეულებრივ სიტუაციაში რაფაჰში მყოფ მოსახლეობის რაოდენობას.
„როდესაც თქვენ გყავთ მოსახლეობა, რომლის 60% ბავშვები და ქალები არიან, ყველა ანგარიშით, რისკები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არის ძალიან დიდი. ეს არის ის სიტუაცია, რომელსაც მე ვანიჭებ პრიორიტეტს. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ წინ მივიწევთ. სად უნდა წავიდეს ეს 1.6 მილიონი ადამიანი? სად უნდა წავიდნენ ისინი? ეს არის კითხვა, რომელსაც მე ვუსვამ ჩემს თავს; ეს არის კითხვა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სვამს, ეს არის კითხვა, რასაც სვამს გენერალური მდივანი და, ვფიქრობ, ეს არის კითხვა, რომელიც ისრაელის ყველა მეთაურმა და მთავრობის წარმომადგენელმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს“, – განაცხადა ხანმა.