სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეზე, ტომოკო აკანეზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტისა და ბავშვთა ომბუდსმენის დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლეზე, ტომოკო აკანეზე, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა.
„ტომოკო აკანე. იაპონელი. იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, – აღნიშნულია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კონკრეტულად არ არის მითითებული, რომელი მუხლით იძებნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე რუსეთის მიერ. ტომოკო აკნე არის ერთ-ერთი იმ სამი მოსამართლიდან, რომლებმაც პუტინის დაკავების ორდერი გამოსცეს.
მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოსცა დაპატიმრების ორდერი პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაში“ რუსეთში 2022 წლის 24 თებერვლიდან.
კრემლმა სასამართლოს გადაწყვეტილებას იურიდიული თვალსაზრისით ბათილი უწოდა, რადგან მოსკოვი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში.
მაისში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანსა და მოსამართლეს, როსარიო აიტალას რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით.