სირილ ჩამბა - კარგი შემადგენლობა გვყავს, ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ #1TVSPORT
„სამტრედიის“ კამერუნელმა ლეგიონერმა სირილ ჩამბამ ახალი სეზონისთვის გუნდის მზადებასა და მიზნებზე კომენტარი კლუბის პრესსამსახურთან გააკეთა.
„მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიმდინარეობს. ბევრს ვმუშაობთ და ვემზადებით ახალი სეზონისთვის. ვფიქრობ, ასე თუ გავაგრძელებთ შრომას, ყველაფერი კარგად იქნება. ეროვნულ ლიგაში ძლიერი გუნდებია და ადვილი მატჩები არ იქნება, მაგრამ კარგი შემადგენლობა გვყავს და ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. თუმცა, წინასწარ არავინ იცის, სეზონი ვისთვის როგორ წარიმართება. იქნებ, ჩემპიონობისთვისაც კი ვიბრძოლოთ.
მეორე წელია რაც „სამტრედიაში“ ვთამაშობ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ეს მახარებს და ასევე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მწვრთნელი გიორგი შაშიაშვილი კარგი სპეციალისტია და მჯერა, საქართველოში გამორჩეული მწვრთნელი გახდება.
ძალიან მიყვარს სამტრედიელი გულშემატკივარი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბევრი გავიტანო და თანაგუნდელებსაც დავეხმარო. მინდა ჩვენს გულშემატკივარს დიდი სიხარული მივანიჭო“, – ამბობს სირილ ჩამბა.
სირილ ჩამბა „სამტრედიის“ ერთ-ერთი ლიდერია. 24 წლის კამერუნელი თავდამსხმელი კლუბში 2022 წელს ჩაირიცხა და 29 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ფასეული იყო მის მიერ ეროვნული ლიგის პლეი ოფში ბოლნისის „სიონთან“ შესრულებული დუბლი, რომლითაც „სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი დაიბრუნა.