ევროპის ლიგაზე კოსტანაის „ტობოლთან“ შეხვედრამდე „სამტრედიამ“ ორი მეკარე დაიმატა – ქობულეთის „შუქურადან“ დავით კუპატაძე და უკრაინელი სერგეი პოგორელი.
31 წლის პოგორელი კიევის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის გაზრდილია. პროფესიულ კარიერაში თავი პირველად კიევის „არსენალში“ გამოიჩინა. 2012 წლის ზაფხულში სიმფეროპოლის „ტავრიაში“ გადავიდა და სეზონი ისე კარგად დაიწყო, 2012 წლის 1-ელ ნოემბერს უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ბულგარეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახეს, მაგრამ შეკრებაზე მის ნაცვლად სხვა მეკარე გამოცხადდა, რადგან წინა დღეს, 31 ოქტომბერს, უკრაინის თასის 1/8-ფინალში პოლტავას „ვორსკლას“ ფეხბურთელს ყბაში ჩაარტყა და წითელ ბარათთან ერთად, დისკვალიფიკაციაც მიიღო. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ამ ინციდენტის გამო ნაკრებში პოგორელის კანდიდატურა დაბლოკა.
2014 წლის 23 აპრილს „ტავრია“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მიზეზი ყირიმის ანექსია გახდა. თამაშობდა ნორვეგიულ „ბოდო-გლიმტში“, ბოლოს კი უკრაინის პირველი ლიგის ხარკოვის „ჰელიოსის“ ღირსებას იცავდა.