„ტობოლის“ ქართველი ფეხბურთელი - „სამტრედიას“ საუკეთესო ტრანსფერი ცეცაძის დაბრუნებაა
„ტობოლის“ ქართველი ფეხბურთელი - „სამტრედიას“ საუკეთესო ტრანსფერი ცეცაძის დაბრუნებაა

ხვალ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სამტრედია“ ყაზახურ კოსტანაის „ტობოლს“ შეხვდება, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი თამაშობს – ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან „ტობოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ნიკიტენკომ და ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრეს.

„ქართველების პლუსი სისწრაფე და ტექნიკაა. ვფიქრობ „სამტრედია“ შემადგენლობისა და სათამაშო ასპექტის კუთხით სიურპრიზებს დაგვახვედრებს. ამ გუნდის ბოლო მატჩები ვნახეთ, დასკვნები გამოვიტანეთ და შევეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში მეტოქეს სწორი ტაქტიკა დავუპირისპიროთ. ჩვენი გუნდის ლიდერები ქართველები, ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი არიან და ეს ჩვენი უპირატესობაა, რადგან თავისიანების სტილს კარგად იცნობენ“, – განაცხადა ვლადიმირ ნიკიტენკომ.

ნიკა კვეკვესკირის თქმით, ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ევროპის ლიგაზე „სამტრედიას“ წინააღმდეგ თამაშობს.

„ბოლო ტურებში ცუდი შედეგების მიუხედავად, „სამტრედიამ“ ფეხბურთელები დაიმატა, მაგრამ ყველაზე კარგი ტრანსფერი გიორგი ცეცაძის დაბრუნებაა, რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია“, – დასძინა კვეკვესკირმა.