სირიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს კვლავ ეძებენ.
თავდასხმა დამასკოს იმ უბანში განხორციელდა, სადაც საელჩოები და უსაფრთხოების სამსახურების შტაბბინები მდებარეობს.
მედიის ინფორმაციით, შენობის პირველი რამდენიმე სართული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სრულად განადგურდა. ამასთან, დაზიანებულია ოცამდე ავტომობილი.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირაში სამხრეთ ლიბანში განხორციელებული დარტყმების შედეგად, „ჰეზბოლას“, სულ მცირე, 50 წევრი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის „ჰეზბოლას“ ექვსი მეთაურია.
აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად, 36 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა.