სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში 59 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში 59 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

მეამბოხეების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში იერიშების მეოთხე დღეს სირიის სამთავრობო ძალების ავიადარტყმებს 59 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის 15 ბავშვი. დაშავდა 139. ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ „თეთრი ჩაფხუტის“ მოხალისეები მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენას.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, სამთავრობო სამხედრო თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ ღუტას რეგიონში არაერთი ლოკაცია დაბომბეს.
ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ სირიის არმიაში.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ბომბი სოფელ არბეენის ბაზარში ჩამოაგდეს. აქ აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია და 3 ქალი.