თურქეთში უახლოეს მომავალში სირიის საკითხზე ოთხმხრივი სამიტი იგეგმება, რომელშიც თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
დაგეგმილი სამიტის მომზადების საკითხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ანკარაში ვიზიტის დროს განიხილავს.
გარდა ამისა, როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 13-14 აგვისტოს ვიზიტისას, სერგეი ლავროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ აქტუალურ ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პრობლემებზე იმსჯელებენ, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე.