სირიის სახელისუფლებო ძალებმა ისრაელის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს
სირიის სახელისუფლებო ძალებმა ისრაელის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს

სირიის სახელისუფლებო ძალებმა დამასკოსთან ახლოს ისრაელის საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.

ტელევიზიის ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილის ჩამოგდება მოახერხა. როგორც ცნობილია, თავდასხმა ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელდა. რაკეტების ნაწილმა დანიშნულების ადგილს მიაღწია, შედეგად კი სამი ჯარისკაცი დაიღუპა.

საჰაერო თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების საფრენი აპარატები შენიშნეს.
სირიის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის ცნობით, ისრაელის სამიზნე სამი პოზიცია იყო, რომლებზეც ლიბანური მოძრაობა „ჰეზბოლა“ და ირანის სამხედრო ძალებია განთავსებული.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული სამხედრო კონტიგენტი სირიას უახლოეს მომავალში დატოვებს. დონალდ ტრამპის აღნიშნული განცხადების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი სირიაში ირანის პოზიციების განმტკიცების მცდელობებს კვლავ ხელს შეუშლის.