სირიის საგარეო უწყება - სასაზღვრო ზონის შექმნის შესახებ აშშ-ის სურვილი ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმაა
სირიის საგარეო უწყება - სასაზღვრო ზონის შექმნის შესახებ აშშ-ის სურვილი ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმაა

აშშ-ის სურვილი სირიაში სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უხეში თავდასხმაა, – ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

დამასკოში ამბობენ, რომ ვაშინგტონი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და სირიის არმია მზად არის, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ნებისმიერი სახით ყოფნას ბოლო მოუღოს.

ვაშინგტონის გეგმის თანახმად, სირიის სასაზღვრო ზონების გასაკონტროლებლად 30 ათასი მებრძოლისგან ფორმირებული შენაერთი უნდა შეიქმნას. შეირაღებული მილიცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იქნება ბაზირებული.

აშშ-ის განცხადებას თურქეთი გამოეხმაურა. თურქეთის ვიცე-პრემიერის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ვაშინგტონი ტერორისტული არმიის შექმნით ცეცხლს ეთამაშება. სირიელი ქურთებისთვის იარაღის გადაცემის გამო, ანკარამ ვაშინგტონი არაერთხელ გააკრიტიკა.

აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის საზოგადოებასთან ურთიერთობების ოფიცერმა The Defence Post-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ზონის შექმნაში კოალიციის ქურთული სამხედრო ფორმირება „სირიის თავდაცვითი ძალები“ ეხმარება.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, სირიის საზღვრის დასაცავად სამხედრო დაჯგუფებას ქმნის.