სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხზე საქართველოს განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე გავრცელდა
საქართველოს განცხადება სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გავრცელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხის გეგმიური განხილვა იყო ჩანიშნული, საქართველოს საკითხიც წამოწიეს. უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა დაგმო სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების ფაქტი და ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციისა და ასადის რეჟიმის ერთობლივ უკანონო ქმედებებს.
„ფაქტობრივად, ყირიმი დღეს წარმოადგენს უზარმაზარ სამხედრო ბაზას, რომელიც ხშირად გამოიყენება შორეულ ცხელ წერტილებში, მათ შორის, სირიაში რუსული ინტერვენციებისთვის. მადლიერების ნიშნად, სირიის რეჟიმი თავის დელეგაციებს აგზავნის სირიაში და როგორც დღეს ვიხილეთ, მან უკვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობაც აღიარა“, – განაცხადა გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის საკითხი წამოსწია შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
„საზღვრების შეცვლა სამხედრო ძალის გამოყენებით – როგორც ამის მოწმენი გავხდით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც, წარმოადგენს იმ საფრთხეს, რომელიც ევროპის ფარგლებს სცდება; როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას საფრთხე შეუქმნას საერთაშორისო მართლწესრიგს და გაერო-ს ქარტიას, ეს არის საფრთხე ყველასთვის. უსაფრთხოება არ არის თამაში ნულოვანი შედეგით და წესებზე დამყარებული წესრიგი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ წესებს ყველა ასრულებს“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა გაერო-ში.
რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად რეგიონში შექმნილ არასტაბილურ გარემოზე ისაუბრა ბრიტანეთის წარმომადგენელმაც, რომელიც დაეთანხმა შვედეთის პოზიციას და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა სცილდება მარტო უკრაინისა და საქართველოს საკითხს და საერთაშორისო მართლწესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული.
სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, ნატო-მ, საკითხი განხილული იქნა ევროპის საბჭოში, სადაც საქართველოს განცხადებას მიუერთდნენ და სირიის ქმედებები ასევე დაგმეს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ, სირიის ნაბიჯი განცხადებებით დაგმეს პარტნიორმა სახელმწიფოებმა.