„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რუსეთს „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი მებრძოლების რამდენიმე ოჯახი გადასცა
ქურთთა დაჯგუფებამ „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რუსეთს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი მებრძოლების რამდენიმე ოჯახი გადასცა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ჩეჩნები ქალაქ რაქაში იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს გადასცეს 13 ქალი და 29 ბავშვი.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს სირიიდან სპეციალური რეისით გროზნოში რუსეთის მოქალაქე 7 ქალი და 14 ბავშვი ჩაიყვანეს. როგორც რუსული მედია წერდა, ქალები წარმოშობით ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან იყვნენ და მათი ნაწილი სირიაში ქმრებს გაჰყვა.
ქალაქ რაქას ჯიჰადისტებისგან გათავისუფლების შესახებ „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ 17 ოქტომბერს განაცხადეს. ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სირიის ქალაქ რაქა 2014 წლის იანვარში დაიკავეს და მოგვიანებით, ის თავიანთი თვითგამოცხადებული სახალიფოს დედაქალაქად გამოაცხადეს.
(ფოტო – 2017 წელი, ოქტომბერი)