სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ ერ-რაიში ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვრის მახლობლად, ქალაქ ერ-რაიში ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ადგილობრივ საავადმყოფოსთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. აფეთქების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საავადმყოფოს შენობაც.
ქალაქი ერ-რაი თურქეთის კონტროლის ქვეშ მას შემდეგ იმყოფება, რაც ოფიციალურმა ანკარამ სირიაში 2016 წელს ოპერაცია „ევფრატის ფარი“ დაიწყო.