სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ, ადგილზე 200 ჯარისკაცისგან შემდგარი მშვიდობისმყოფელთა ამერიკული ჯგუფი დარჩება
სირიიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ, ადგილზე 200 ჯარისკაცისგან შემდგარი მშვიდობისმყოფელთა მცირე ამერიკული ჯგუფი დარჩება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამერიკელ ჯარისკაცთა ჯგუფი სირიაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება. ამჟამად სირიაში ორი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროების ნაწილი სირიის ჩრდილოეთში, ნაწილი კი სამხრეთში იქნება ბაზირებული.
სირიაში ამერიკული მცირე სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებას რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი მიესალმა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს დაეხმარება თავიდან აიცილოს ისეთი პრობლემები, როგორიც ადრე ერაყში შეიქმნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ, გასული წლის დეკემბერში განაცხადა.