სირიაში თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 13 პირი
სირიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ინფორმაციას სირიულ მედიაზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.
თავდასხმა ჰამის პროვინციაში მდებარე ქალაქ მასიაფში მოხდა.
როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია.
წყაროების თქმით, მასიაფში მდებარე მთავარი სამხედრო კვლევითი ცენტრი, სადაც ქიმიური იარაღის წარმოება ხდებოდა, რამდენჯერმე დაიბომბა. სავარაუდოდ, იქ ირანელი სამხედრო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც იარაღის წარმოებაში იყვნენ ჩართული.
სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. ისრაელის მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
მასიაფის ეს რაიონი, რომელიც, სავარაუდოდ, ირანული ძალებისა და პროირანული დაჯგუფებების ბაზების ადგილია, გასულ წლებშიც არაერთხელ გამხდარა თავდასხმების სამიზნე.