სირიის სამთავრობო არმიამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალაქი ბუსრა ალ-შამი დაიკავა. აღნიშნული ქალაქი დარაას გუბერნიაში, იორდანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ბუსრა ალ-შამს ამბოხებული სამხედრო ჯგუფები აკონტროლებდნენ, რომლებმაც „შერიგების“ პროცესის ფარგლებში შეიარაღება სირიის არმიას გადასცეს.
სამშვიდობო პროცესის ფარგლებში სირიის სამთავრობო ძალებს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებული რამდენიმე ქალაქი გადაეცა, ზოგიერთ ქალაქში კი სირიის ჯარი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ შევიდა.
სირიის სახელისუფლებო არმიამ დარაას გუბერნიაში სამხედრო ოპერაცია 19 ივნისს დაიწყო.
დარაას რეგიონს სირიის ომში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან 2011 წელს დაპირისპირების ეპიცენტრი სწორედ დარაა გახდა. გუბერნიაზე კონტროლის დამყარებას, სირიის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც სამხედრო, ასევე სიმბოლური თვალსაზრისით. ამბოხებულები შეიარაღების მისაღებად სწორედ იორდანიის საზღვარს იყენებდნენ.