აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სირიაში სახელისუფლო ძალები იდლიბზე ქიმიური თავდასხმისთვის ემზადებიან
სირიაში სახელისუფლებო ძალები იდლიბზე ქიმიური თავდასხმისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.
სირიის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯიმ ჯეფრი აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების მტკიცებულებები ძალიან ბევრია.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადება Reuters-მა გაავრცელა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუს დროს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მტკიცებულებებს გულისხმობდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ იდლიბის პროვინციაზე ნებისმიერი სახის თავდასხმას ისინი კონფლიქტის ესკალაციად აფასებენ.
მისი თქმით, რუსეთის და ასადის ჯარების მხრიდან იდლიბის პროვინციაზე ნებისმიერი ტიპის თავდასხმა თურქეთის მიმართულებით ლტოლვილების ახალ, გაცილებით დიდ ნაკადს გამოიწვევს.
ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იდლიბის ბედი 7 სექტემბერს გადაწყდება, როდესაც ასადის მხარდამჭერი რუსეთის და ირანის ლიდერები ამბოხებულების მოკავშირე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდებიან. დღეს, თეირანში სამი ქვეყნის ლიდერი სირიის საკითხზე იმსჯელებენ.