სირიაში ისლამისტების შეხვედრაზე დაგვიანების გამო, დაეშის ლიდერი სიკვდილს გადაურჩა
სირიაში ისლამისტების შეხვედრაზე დაგვიანების გამო, დაეშის ლიდერი, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი სიკვდილს გადაურჩა. ამის შესახებ ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ლიდერმა განაცხადა.
ჯაბარ ალ-მაამურის თქმით, 1-ელ ოქტომბერს სირიაში, ირანის სარაკეტო დაბომბვის სამიზნე ისლამისტების საომარი საბჭოს შეკრება იყო, ალ-ბაღდადი კი შეკრებაზე მიემართებოდა.
ერაყელი სამხედრო ასევე ამბობს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერმა შეკრებაზე მისვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა. ირანის სარაკეტო დაბომბვის შედეგად ალ-ბაღდადის მოადგილე, ალი ალ-მაშადანი და ისლამისტების რამდენიმე ლიდერი მოკლეს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ისლამისტებზე იერიში „მიწა-მიწა“ ტიპის ექვსი რაკეტით მიიტანა.
დაბომბვის მიზეზი, 22 სექტემბერს ირანის ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერაქტი გახდა.