სირიაში ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა რუსი სამხედრო, რომელიც 9 აპრილს თბილისში სამხედრო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა
სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევი დაიღუპა, რომელიც საქართველოში 9 აპრილის მოვლენების დროს ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 26 ოფიცერი და ერთი გენერალ-მაიორი. რუსული მედიის ცნობით, სირიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მაღალჩინოსანი სწორედ ვლადიმერ ერემეევია.
ამასთან, მედიასაშუალებები ერემეევის ბიოგრაფიასაც ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ქვედანაყოფი, რომელსაც ერემეევი მეთაურობდა, 1988-1991 ლბშ „მონაწილეობდა თბილისში, საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“.
ერემეევს გენერალ-მაიორის წოდება რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით 2016 წელს მიანიჭეს.
რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-26“ 6 მარტს ხმეიმის აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტროში ავიაკატასტროფის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.
რუსულ მედიაში ვლადიმერ ერემეევის ფოტოც ვრცელდება.