სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა
სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა

სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის ძალებმა იერიშები მიიტანეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების 85 სამიზნეზე იორდანიის ბაზაზე გასულ კვირას განხორციელებულ დარტყმაზე საპასუხოდ.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს აშშ-ის ელჩი და მას ფორმალური პროტესტი გამოუცხადეს. ერაყის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ცნობით, დარტყმებს მათი 16 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მებრძოლები და მედიკოსები. „სახალხო მობიზალიციის ძალები“ რამდენიმე დაჯგუფებას აერთიანებს, მათ შორის ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს. მანამდე ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად დაღუპულ 16 ადამიანს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც იყვნენ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ერაყის ქალაქ ალ-ყაიმში აშშ-მა დაბომბა საცხოვრებელი რაიონი, სადაც, ადგილობრივების თქმით, შეიარაღებულ ჯგუფებს იარაღის საწყობები ჰქონდათ. ადგილობრივი წყაროების ცნობით, იორდანიის ბაზაზე მიტანილი იერიშის შემდეგ მებრძოლებმა აღნიშნული რაიონი დატოვეს.

„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, სირიაში აშშ-ის ავიადარტყმებს 23 ადამიანი ემსხვერპლა, რომლებიც სამიზნე ობიექტებს იცავდნენ.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ავიადარტყმების სამიზნე იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, რაკეტებისა და დრონების სასაწყობე ობიექტები, ასევე ლოგისტიკური ობიექტები.

ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ანუ 7 ოქტომბრის შემდეგ ერაყში, სირიასა და იორდანიაში აშშ-ის ძალებზე 160-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა.

იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. აშშ-ის შეფასებით, დრონი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, ირანული წარმოების იყო.