„სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრებმა გლდანის რაიონში, ერთ-ერთ სკვერში „ქართული ოცნების“ დროშების ჩამოხსნა მოითხოვეს
გლდანულას ხევის პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში ორგანიზაციების – „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრებმა „ქართული ოცნების“ დროშები დაკიდება გააპროტესტეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დროშები სკვერში მათი თანხმობით დაკიდეს.
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დროშების ჩამოხსნას და საქართველოს დროშის დაკიდებას ითხოვენ.
„ძალიან ცუდია, რომ ერთხელ რაც უკვე ჩამოხსნეს აქტივისტებმა, თავიდან გააკეთეს. განსაკუთრებით, როცა წინასაარჩევნო პერიოდია და როცა აქტუალური ხდება თითოეული პარტიის მხრიდან აქტიურობა. მუნიციპალურ სკვერში რომელიმე პარტიის დროშა უკვე დარღვევა. მაშინ, როდესაც ადამიანები მოდიან და გეუბნებიან, რომ პარტიული დროშის მაგივრად საქართველოს დროშა დაკიდეო და ამაზე მთელი პოლიცია შენს წინააღმდეგ არის, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა გიგა მაქარაშვილმა.
კორპუსის თავმჯდომარე ლალი შუბითიძე აცხადებს, რომ სკვერში დროშები რამდენიმე დღის წინ ჩამოგლიჯეს.
„რამდენიმე დღის წინ აქ რომ დროშები იყო და ლამაზად ფრიალებდა, ჩამოგლიჯეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მოგზავნილმა პატარა ბავშვებმა. ეს არის ვანდალიზმი. შეიძლება, არ მოგწონდეს ბევრი რამ, მაგრამ ის განადგურებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. შემდეგ, მობინადრეებმა მომმართეს თხოვნით, მე რა თქმა უნდა თითოეული მობინადრის აზრს ვითვალისწინებ, უმრავლესობის აზრით და მაქვს ხელმოწერებიც, მივმართეთ პარტიას, რომ ეს დროშები ისევ აქ დაეკიდებინათ.
ადგილობრივების მხრიდან ამ დროშებზე პროტესტი არ ყოფილა. ახლა ვინც გამოუშვეს, ბავშვები ოპოზიციამ ესენი არც ერთი არ არის აქ მცხოვრები. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს დროშა, ნუ შეხედავს, ჩვენ მოგვწონს და გვინდა, რომ აქ იყოს“, – აცხადებს ლალი შუბითიძე.