„სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ აქტივისტების გახშირებული შეჭრის გამო, პრესკლუბმა „მთავარმა“ მუშაობა შეაჩერა
პრესკლუბი „მთავარი“ მუშაობას აჩერებს, პრესკლუბში არ გაიმართება პრესკონფერენციები, – ამის შესახებ პრესკლუბ „მთავარის“ ხელმძღვანელი ეკა გულუა აცხადებს.
როგორც გულუა აცხადებს, დამოუკიდებელ მედიაორგანიზაცია „მედიაცენტრ მთავარში“ ორჯერ შეიჭრნენ საპროტესტო აქციის ახალგაზრდული ფრთის, „სირცხვილია“ და „გაბედეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც პრესკონფერენცია ჩაშალეს და მთელს შენობაში შექმნეს გარკვეული სახის დისკომფორტი.
„რადგან შემოჭრა მოხდა კერძო საკუთრებაში, „მედიაცენტრი მთავარი“ დარჩა ოფისის გარეშე და შექმნილი ქაოსისა და არეულობის გამო, იძულებულები გავხდით ფართი, რომელიც იყო კერძო საკუთრება, დაგვეტოვებინა.
ბოდიშს ვუხდი ოფისში მომუშავე იმ ადამიანებს, ვისაც „მედიაცენტრი მთავარის“ გამო, დისკომფორტი შეექმნათ და არაერთგზის შეეზღუდათ მუშაობის უფლება;
ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და ყველას ვინც თანაბრად სარგებლობდა „მედიაცენტი მთავარის“ საინფორმაციო სივრცით;
ბოდიშს, ვუხდი ჩემს თანამშრომლებს, როგორც დამსაქმებელი, რომელმაც ვერ შეძლო მათი დაცვა;
ბოდიშს ვუხდი, საკუთარ მცირეწლოვან ტყუპებს, რადგან მეორე დღეა ადამიანს არ ვგავარ, ვერ ვარ ქმედითი და შრომისუნარიანი შექმნილი პრობლემის გამო. ზოგადადაც ყოფა/არსებობა, გარდა საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრებისგან შედგება ეს არის ჩემი უმძიმესი გადაწყვეტილება.
მედიაცენტრში შემოჭრით, ჩვენ, როგორც დამოუკიდებელ მედიას, შეგვეზღუდა ადამიანის ფუნდამენტური ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახით, პროფესიული საქმიანობა და გარდა აღნიშნულისა, პრობლემები შევუქმენით კერძო საკუთრებაში მომუშავე სხვა ადამიანებსაც, რამაც ერთიორად აზარალა ჩემი საქმიანი რეპუტაცია.
ბოლოს კი დავამატებ, ცუდია, როდესაც ქვეყანაში ნორმად დაკანონდა მხოლოდ სასურველი ინფორმაციის გავრცელება და უფრო ცუდია, როდესაც მედიასამართალი სელექციურია. ეს აზარალებს როგორც ქვეყნის ევროპულ ვექტორს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, სადაც ამოსავალი წერტილი მხოლოდ სამართლებრივი ურთიერთობებია. იმედია, ვინმე აიღებს და გაიზიარებს პასუხიმგებლობას“,- აცხადებს ეკა გულუა.