„სირცხვილიას“ აქტივისტ ირაკლი ფავლენიშვილს სასამართლომ 1300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის, ირაკლი ფავლენიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და აქტივისტს ადმინისტრაციულ სახდელად 1300 ლარი დააკისრა.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, მოსამართლემ ის არა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ცნო დამნაშავედ, არამედ იმიტომ, რომ მან ბიძინა ივანიშვილი და უზურპატორები ამხილა.
„რა მდგომარეობაშიც არის საქართველო, იმ მდგომარეობაშია სასამართლოც. არავითარი ფაქტობრივი მასალა არ იყო წარმოჩენილი, რადგან სამართალდამცველებს ჩვენ ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ვაყენებდით. პოლიციელებიც და მოსამართლეებიც თავად არიან ცუდ დღეში, რადგან პოლიტიკური დაკვეთის შესრულება უწევთ. თუმცა მალე ეს ყველაფერი დასრულდება, რადგან შეუძლებელია, ქართველი ერი ასეთ უღირს ყოფას შეეგუოს. მე სასამართლო პროცესზეც ვთქვი, რომ შეუძლებელია, ასეთ უზურპატორების ხელში იყოს ხელისუფლება, რაზეც მოსამართლემ თავის თავზე მიიღო და საბოლოო ჯამში, ამის გამო მომცა 1300 ლარიანი ჯარიმა. დავჯარიმდი, რადგან ვამხილე ბიძინა ივანიშვილი და უზურპატორები“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„სირცხვილიას“ აქტივისტი ირაკლი ფავლენიშვილი 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.