„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 21 მაისიდან, აცრები კი 24 მაისიდან დაიწყება
„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია პარასკევიდან, 21 მაისიდან დაიწყება, აცრის გაკეთება კი 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
მათი თქმით, რეგისტრაციის დაწყების საათი ხვალ გამოცხადდება.
ამასთან, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა, რომ ვაქცინას მოსახლეობა „სინოვაკის“ სახელით იცნობს, თუმცა ეს მწარმოებელი ბრენდის სახელია, ოფიციალურად კი, როგორც იმნაძე ამბობს, მას „კორონავაკი“ ჰქვია.
მისივე თქმით, „სინოვაკის“ წარმოებული ვაქცინა „კორონავაკი“ 32 ქვეყანაშია ავტორიზებული.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს.
შეგახსენებთ, „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩინურმა მხარემ საქართველოს საჩუქრად გადმოსცა. იმნაძის განმარტებით, აღნიშნულ ვაქცინას გვერდითი მოვლენები მინიმალურად და მსუბუქი ფორმებით ახასიათებს. მისივე ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 85 პროცენტიდან 100 პროცენტამდე აქვს.