დღის საათებში შედარებით გამოიდარებს, ქარის სიძლიერეც შესუსტდება – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„10 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და თბილისში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
დღისით შედარებით გამოიდარებს, ქარის სიძლიერეც შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის რამაზ ჭითანავას განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერი ვრცელდება, რამაც უკვე გამოიწვია ნალექი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.
„ამას ერთვის ის გარემოება, რომ არც ისე ცივა. ამის გამო, ნალექი წვიმის სახით მოდის, როგორც დაბლობში, ასევე, მთიან რეგიონებში, რაც ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ამწვავებს სიტუაციას. მდინარეში ჩადის, როგორც ნაწვიმარი წყალი, ასევე თოვლის დნობის შედეგად მიღებული წყალი. ამიტომ, დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონემ საკმაოდ სწრაფად აიწია.
არ გამოვრიცხავთ, რომ ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონემ კიდევ აიწიოს და საშიშ ნიშნულს მიაღწიოს. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ვთხოვთ მოსახლეობას, ვინც ახლოს ცხოვრობს მდინარესთან, ან რამე საქმიანობას ეწევა, ამ ხნის განმვლობაში მოერიდოს მდინარის სანაპიროსთან ყოფნას“, – განაცხადა რამაზ ჭითანავამ.