სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს
საქართველოში 29 ივლისიდან ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით კიდევ მოიმატებს.
როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, თბილისში 1-2 აგვისტომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36-38 გრადუსი იქნება.
„აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან აგვისტოს დასაწყისამდე, 1-2 აგვისტომდე, უმეტესად უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 29 ივლისიდან მოიმატებს და შესაძლოა, 40 გრადუსს მიუახლოვდეს“, – განაცხადა გვაზავამ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმაც, რომელიც ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაზე არ იმოქმედებს.
„თბილიში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-28 ივლისს 34-36 გრადუსი იქნება, ხოლო 29-31 ივლისს შესაძლოა, 36-38 გრადუსამდე მოიმატოს“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის განცხადებით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსი იქნება, თუმცა ღამით ცალკეულ რაიონებში, სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმებს ელჭექით ვარაუდობენ.
დოდო გვაზავას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დაახლოებით 27-29 გრადუსზე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში კი, 34-35 გრადუსი იქნება.