სინოპტიკოსები მიმდინარე კვირაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნასა და ყინვების გაძლიერებას ვარაუდობენ
სინოპტიკოსები 27 დეკემბრიდან საქართველოში ყინვის გაძლიერებას ვარაუდობენ.
როგორც პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, მიმდინარე კვირაში ნავარაუდევია ტემპერატურის მკვეთრი კლება. თოვლის მოსვლას კი, საახალწლოდ 31 დეკემბერს, მხოლოდ სვანეთში ელოდებიან.
„მიმდინარე კვირაში არამდგრადი ამინდია. შესაძლებელია, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის სახით ნალექი, ცალკეულ რაიონებში თოვლიც, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში. 31 დეკემბერს კი, თოვლი ნავარაუდევია სვანეთში“, – განაცხადა გვაზავამ.
ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
„გაძლიერდება ყინვები, განსაკუთრებით 27 დეკემბრიდან და შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ღამით იყოს -1-დან 4 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, შესაძლებელია ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდეს, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კი, 5 გრადუსამდე იქნება“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები ყინვას თბილისშიც ვარაუდობენ, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა კი, 5-6 გრადუსი სითბო იქნება.