სინოპტიკოსები მდინარეებზე წყლის დონის მატებას, მთიან ზონებში კი, მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ
სინოპტიკოსები საქართველოში უახლოეს დღეებში ძლიერ ნალექს ვარაუდობენ, რამაც შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება, მთიან ზონებში კი, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლოდან 5 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.
ასევე, ნავარაუდევია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე კი, 3-4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.