სინგაპურელმა მამაკაცმა აღიარა, რომ აშშ-ში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა
სინგაპურელმა მამაკაცმა აღიარა, რომ აშშ-ში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. იუნ უეი იეოს ჩინეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებენ. მან დანაშაული სასამართლო განხილვის დროს აღიარა.
ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი 2015-2019 წლებში პოლიტიკური კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა და ჩინეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემად არასაჯარო ინფორმაციას აგროვებდა.
იეო აღიარებს, რომ საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის მქონე პირებს ყალბი კლიენტებისთვის ანგარიშების შედგენას ავალებდა.
სინგაპურელი მამაკაცი 2019 წელს დააკავეს.
პარალელურად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში დააკავეს ჩინელი მეცნიერი, რომელიც ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში მსახურობდა და ეს ინფორმაცია დამალა. ანალოგიური ბრალდებით კიდევ სამი პირია დაკავებული.
აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო დღეებში უკიდურესად დაიძაბა. პეკინის გადაწყვეტილებით, ქალაქ შენგდუში მდებარე აშშ-ის საკონსულო დახურეს. ეს ნაბიჯი ჩინეთის მთავრობამ აშშ-ის მიერ ჰიუსტონში მდებარე ჩინეთის საკონსულოს დახურვის საპასუხოდ გადადგა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთი აშშ-ის ინტელექტუალურ საკუთრებას ხელყოფს.