სინან ოღანმა დაადასტურა, რომ არჩევნების მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს
თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სინან ოღანმა დაადასტურა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს დაუჭერს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ამის შესახებ მან განცხადება სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ვაცხადებ, რომ მეორე ტურში დავუჭერ მხარს „სახალხო ალიანსის“ კანდიდატს, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს“, – განაცხადა სინან ოღანმა.
სინან ოღანმა თურქეთში 14 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა 5,2% მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სინან ოღანი პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე პარტიის ალიანსის მიერ იყო წარდგენილი. მათგან ერთ-ერთმა, „სამართლიანობის პარტიამ“ განაცხადა, რომ მეორე ტურში ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს მიემხრობა. ამავე ალიანსში შემავალი კიდევ ერთი პარტია „გამარჯვება“ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ხვალ გამოაცხადებს.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ექვსი პოლიტიკური პარტიის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.