სიმონა ჰალეპი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა
სიმონა ჰალეპი უიმბლდონის ჩემპიონი გახდა

უიმბლდონზე დასრულდა ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგნები – ამერიკელი სერენა უილიამსი და რუმინელი სიმონა ჰალეპი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ეს ჩოგბურთელები მეთერთმეტედ დაუპირისპირდნენ პროფესიულ ტურში ერთმანეთს: სერენა დამაჯერებლად იგებდა – 9:1. ასე რომ, ჰალეპს გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერი ჰქონდა გადასალახი.

თუმცა, ისიც ცხადი იყო, რომ რუმინელი შესანიშნავ ფორმაში ხვდებოდა ფინალს – უილიამსთან მატჩამდე, ჰალეპმა მხოლოდ ერთი სეტი წააგო – მეორე წრეში თანამემამულე მიხაელა ბუზარნესკუსთან. მესამე რაუნდიდან მოყოლებული, რუმინელი ძალიან დამაჯერებლად მოქმედებდა – აზარენკასა და სვიტოლინას მხოლოდ ოთხ-ოთხი გეიმი დაუთმო, 15 წლის სენსაციას კორი გაუფს – ექვსი გეიმი.

და, საბოლოოდ, ეს ბრწყინვალე სერია ფინალში სერენა უილიამსთან ტრიუმფით დასრულდა. გადამწყვეტ მატჩში ბრძოლა არ შედგა – სიმონამ 57 წუთში 6:2, 6:2 დაანადგურა ლეგენდა.

ჰალეპმა პირველ სეტში უმაღლესი დონის ჩოგბურთი აჩვენა. რუმინელს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდა, განსაკუთრებით საწყის გეიმებში. პირველ სამ გეიმში მას ხუთი “ვინერსი” ჰქონდა და არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, მის მეტოქეს – ნული “ვინერსი” და რვა შეცდომა. ჰალეპი ორმაგი ბრეიკით 3:0 დაწინაურდა და ამის შემდეგ, საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე გადავიდა, რაც პრობლემა არ ყოფილა – სერენამ ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელიც ვერ გამოიყენა.

მეორე სეტის პირველ ოთხი გეიმში ჩოგბურთელებმა დამაჯერებლად აიღეს საკუთარი მოწოდებები. ამის შემდეგ, ჰალეპმა დაიბრუნა ის თამაში, რომელიც მატჩის დასაწყისში ჰქონდა, ისევ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და კარეირაში პირველად გაიმარჯვა უიმბლდონზე და მეორედ “დიდ სლემზე”.

ჩემპიონმა პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი აიღო, ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, 13 “ვინერსი” დააგროვა და მხოლოდ სამი (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა. ამ მხრივ, უილიამსი ძალიან ბევრს სცოდავდა – მას 25 შეცდომა დაუგროვდა.