სიმონ ნოზაძე - ვალერი გელაშვილი სანიმუშოა, რათა მთელ თავის შესაძლებლობებს, თავისი ბიზნესის დიდ ნაწილს ხაშურს ახმარს
სიმონ ნოზაძე - ვალერი გელაშვილი სანიმუშოა, რათა მთელ თავის შესაძლებლობებს, თავისი ბიზნესის დიდ ნაწილს ხაშურს ახმარს

ვალერი გელაშვილი სანიმუშო არის იმ თვალსაზრისით, რომ მთელ თავის შესაძლებლობებს, თავისი ბიზნესის ძალიან დიდ ნაწილს ის ხაშურს ახმარს, – ამის შესახებ ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სესიაზე, კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლედ ვალერი გელაშვილის არჩევის საკითხი წარადგინა.

როგორც სიმონ ნოზაძემ აღნიშნა, ხაშურში თუ რამე კეთდება ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით,  ძალიან ბევრი რამე სწორედ ვალერი გელაშვილის დამსახურებაა, ბევრი დასაქმებული ჰყავს.

„მივესალმები ვალერი გელაშვილს, ახალგაზრდული წლებიდან მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა მაკავშირებს. ის ძალიან ძლიერი მოჭიდავე იყო და ეს სულერთი არ არის ხაშურელი ადამიანისათვის. ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ ვმეგობრობდით თავიდანვე, შემდეგ ერთმანეთის მეტოქეები ვიყავით და მე სიამოვნებით მინდა დავაფიქსირო, საყაიმოა ანგარიში. ერთხელ ბატონმა ვალერიმ მოიგო, მეორედ მე. მინდა, აღვნიშნო მისი ძალიან ძლიერი მხარე. ის ცნობილი ბიზნესმენია. ახლა მის ბიზნესს ძირითადად მისი შვილი ხელმძღვანელობს. ამის წინ ჩვენ, ხაშურელი ბიზნესმენები, შევიკრიბეთ, ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ფრაქციის წევრებიც. მე იქაც ვთქვი და აქაც უნდა აღვნიშნო, ვალერი გელაშვილის სანიმუშო არის იმ თვალსაზრისით, რომ მთელ თავის შესაძლებლობებს, თავისი ბიზნესის ძალიან დიდ ნაწილს ხაშურს ახმარს. ახლა სურამის განვითარების გენერალური გეგმა კეთდება“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მისივე თქმით, ვალერი გელაშვილი მზად არის, ძალიან დიდი პროექტი დაიწყოს სურამში, რათა სურამის საკურორტო, ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„ვალერი გელაშვილის ოთხი შვილის მამაა, საოცრად კარგი შვილები ჰყავს. ოთხივე დაბინავებული, გათხოვილები და დაქორწინებულები არიან, შვილიშვილები ჰყავს და ბედნიერებას ვუსურვებ. მე დიდი სიამოვნებით ვაფიქსირებ, რომ ჩვენ, მეც და ვალერისაც, როგორც ხაშურლებს პარლამენტში მოგვიწევს მუშაობა“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.