სიმონ ნოზაძე ოპოზიციის განცხადებებზე - ოპოზიციამ იცის, რა არის ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთში ვინმე ნამყოფია?
საარჩევნო სისტემის საკითხი საზოგადოებამ აღიქვა არა როგორც ზეეროვნული საკითხი, არამედ როგორც ტაქტიკური საკითხი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროპორციული არჩევნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას მასობრივი პროტესტი იმიტომ არ მოჰყვა, რომ საზოგადოებამ ის ტაქტიკურ საკითხად აღიქვა და არა – ზეეროვნულად.
რაც შეეხება ოპოზიციის გამონათქვამებს, რომელთა მიხედვით, ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოუწყობენ, სიმონ ნოზაძე დაინტერესდა, საიდან იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როგორია ჯოჯოხეთი.
„ოპოზიციამ იცის, რა არის ჯოჯოხეთი, მორწმუნეები არიან? ან ჯოჯოხეთში ვინმე ნამყოფია? საარჩევნო სისტემაზე პოლიტიკური სპექტრი ერთიანი იყო, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა, მობილიზებული იყო პოლიტიკური აქტივი. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საზოგადოებამ აღიქვა არა როგორც ზეეროვნული საკითხი, არამედ როგორც ტაქტიკური საკითხი. როდესაც ზეეროვნულ საკითხს ეხება საქმე, ყველა ერთსულოვნად გამოვხატავთ პროტესტს, მაგრამ ისეთ ტაქტიკურ საკითხზე, როგორიც არჩევნებია, საზოგადოების მასობრივი პროტესტი არ გამოიწვია, თუმცა საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება იყო. ეს სიტუაცია მეც არ მომეწონა, მხარს ვუჭერდი პროპორციულ არჩევნებს. ამ ცვლილებით „მრეწველები“ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პარტიაა“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.