სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენა „კერამიკის მუზეუმი“ გაიხსნება [ფოტო]
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა „კერამიკის მუზეუმი“ გაიხსნება. ექსპოზიცია ერთგვარი აქციაა მხატვრების მხრიდან, რომლითაც კერამიკის მუზეუმის აუცილებლობაზე საუბრობენ.
კერამიკის მუზეუმის შექმნის იდეის ირგვლივ რვა მხატვარი გაერთიანდა. ნამუშევრების უმეტესობა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. ისინი მოგვითხრობენ პროფესიასთან თავიანთი დამოკიდებულების, კერამიკის, მისი ისტორიის, მასალის თვისებებსა და შესაძლებლობების შესახებ, იმ ევოლუციასა და ტრანსფორმაციაზე, რომელიც კერამიკულმა ხელოვნებამ განიცადა.
ექსპოზიციაზე ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება დმანისის შუა საუკუნეების კერამიკული ნაკეთობები და კერამიკოსის, ალდე კაკაბაძის ნამუშევარი „მარანი – საქართველო“.
გამოფენაში მონაწილეობენ მალხაზ შველიძე, ნატო ერისთავი, გიგიშა პაწკორია, ლია ბაგრატიონი, ლალი ქუთათელაძე, ოთარ ვეფხვაძე, მერაბ გუგუნაშვილი და ილია ბიგანიშვილი.
გამოფენა 13 ნოემბერს გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია.