სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დღეს საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა
სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დღეს საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროექტი გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტი, გამგეობა და საკრებულო მზად არის, დაეხმაროს ამ ადამიანებს, რომ ფართები საკუთრებაში დაიკანონონ.
„იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდა, ბინების გადაცემის პროცესი გრძელდება. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დღეს, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები 59 ოჯახს გადაეცემა. მათ შორის, სოფელ ოქროყანაში მცხოვრებ – 30, მუხიანის დასახლების პირველ მიკრორაიონში მცხოვრებ – 23, ასევე, დიდ დიღომში, გლდანში, ვარკეთილის მესამე მასივში, მოსკოვის გამზირზე, ყვარლის ქუჩაზე და ევგენი ღვალაძის ქუჩაზე მცხოვრებ ექვს ოჯახს. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. რა თქმა უნდა, პროექტი გრძელდება, რადგან მსგავსი ოჯახები ძალიან ბევრია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.