„კოვიდ-19“-ის პანდემიად გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები კვლავ მატულობს. ამჟამად მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 119 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია ორ მილიონზე მეტი ადამიანი. პანდემიის ერთი წლის თავზე გლობალურად არსებულ მდგომარეობაზე, შედეგებსა და ვაქცინაციაზე ვესაუბრეთ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს.
– „კოვიდ-19“-ის პანდემიად გამოცხადებიდან ერთი წელი შესრულდა. რა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კაცობრიობამ ამ ერთწლიანი ბრძოლის განმავლობაში?
დიახ, 11 მარტს ზუსტად ერთ წელი შესრულდა, რაც „კოვიდ-19“ პანდემიად გამოცხადდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მანამდეც გააფრთხილა სამყარო, რომ ეს ვირუსი სერიოზულ და გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ეს გაფრთხილება ორგანიზაციამ 2020 წლის 30 იანვარს გაავრცელა. უკვე ყველამ ვიცით, რომ საქმე გვაქვს ახალი ტიპის ვირუსთან, რომლის შესახებაც გასული ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შევიტყვეთ. გავიგეთ მისი თვისებები, რა პირობებში ახერხებს გადარჩენას, როგორ მოქმედებს და ა.შ. ერთ წელიწადში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ვირუსის იდენტიფიცირების საქმეში. ეფექტური ტესტები პანდემიის ადრეულ ეტაპზე შეიქმნა, რასაც მოჰყვა ასევე სწრაფი და ანტიგენის ტესტები, რომლის გამოყენების ნებართვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე გასცა. პანდემიასთან ბრძოლაში ეს ნამდვილად დიდი მიღწევა იყო. მთელი წლის განმავლობაში უპრეცედენტო გლობალური ძალისხმევა ვიხილეთ, რომელიც მიმართული იყო „კოვიდ-19“-ის სამკურნალო საშუალებების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებისკენ. კლინიკური კვლევების დროს ვნახეთ უპრეცედენტო გლობალური სოლიდარობის მაგალითები, როდესაც ვირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალო საუკეთესო და ხელმისაწვდომი საშუალებების გამოვლენის პროცესში უამრავი ქვეყანა ჩაერთო. შედეგად კლინიკური ინსტრუქციების მუდმივი განახლება ხდებოდა. ასევე, ჩვენ გამოვავლინეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ქცევის საუკეთესო წესები, რაც გვეხმარება პანდემიის გაკონტროლებაში. ეს ზომები უკვე ცნობილია და არაერთ ქვეყანაში მოქმედებს. ასევე, უნდა აღინიშნოს უპრეცედენტო ნაბიჯები, რომელიც ვირუსისგან დამცავი საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სხვადასხვა ქვეყნაში მიწოდებას უკავშირდებოდა. სულ ბოლოს კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს უპრეცედენტო სისწრაფით შექმნილი ვაქცინა. ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნას ხუთი, ექვსი და ათი წელიც კი სჭირდება. ამ შემთხვევაში კი, პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე, ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ვაქცინა. იმუნიზაციის პროცესი დაიწყო და კიდევ ბევრი ვაქცინა კლინიკური კვლევების დასკვნით ეტაპზეა.
– რადგან ვაქცინები ვახსენეთ, მინდა გკითხოთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შესახებ, რომლის გამოყენებაც რამდენიმე ქვეყანამ შეზღუდა. რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების შესახებ და თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. პირველ რიგში, უნდა დავაკონკრეტო, რომ საქმე ეხება არა ზოგადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს, არამედ ვაქცინების კონკრეტულ პარტიას, რომელიც მანამდე ჩაიტანეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ სწორედ ამ პარტიის და კონკრეტული სერიული ნომრის მქონე ვაქცინების გამოყენება შეაჩერა და ისიც დროებით. ეს ნაბიჯი გადაიდგა, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდეგ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული გართულებები. ამ შემთხვევებს იძიებს ევროპის წამლების სააგენტო. საფრთხის შეფასების კომიტეტის დასკვნა დღეს შემდეგია: აცრილ მოქალაქეებს შორის თრომბოემბოლიის შემთხვევები ისეთივე სიხშირით ვლინდება, როგორც ეს ზოგადად ხდება მოსახლეობაში. ვაქცინის გაკეთების შემდეგ საფრთხე არ არის გაზრდილი. ევროპის წამლების სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები უნდა გაგრძელდეს და ამავე დროს გაგრძელდება გამოძიებაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არსებობს ვაქცინების უსაფრთხოების შეფასების კომიტეტი, რომელიც გლობალურ დონზე აკვირდება იმუნიზაციის პროცესში გამოვლენილ გართულებებს. ეს კომიტეტი გართულებების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოდან აგროვებს. ინფორმაცია გროვდება სპეციფიკური სისტემით. ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რომელის დახმარებითაც ეს სისტემა მოქმედებს. ზოგადად ამ სისტემის არსებობა ქვეყენაში არის ვაქცინების ჩატანის ერთ-ერთი წინაპირობა.
– ახლა მინდა გკითხოთ საქართველოს მიერ პანდემიის დროს გადადგმული ნაბიჯების შესახებ. როგორ აფასებს საქართველოს ქმედებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?
საქართველომ 2020 წელს არაერთი ეტაპი გაიარა. საქართველოს მოქმედებები პანდემიის ადრეულ ეტაპზე ძალზედ ეფექტური იყო. შარშან გაზაფხულზე საქართველოში პანდემია ძალიან ეფექტურად კონტროლდებოდა და შედეგად ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ეს ძალიან ადრეულ ეტაპზე დანერგილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების დამსახურებაა, რამაც ეპიდემიის საფრთხეები შეამცირა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ზომებს მოქალაქეების დიდი ნაწილი გულმოდგინედ იცავდა. დღესასწაულების სეზონის შემდეგ და ასევე შემოდგომაზე კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდა, რასაც მოჰყვა ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვანი ზრდა. ახლა კი უკვე მესამე ეტაპზე ვართ, როდესაც შეზღუდვების ხელახლა შემოღების გამო სიტუაცია დასტაბილურდა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტური ზომები, რომელთა გატარებაც შესაძლებელია და ეს ზომები ეფექტურად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო კოვიდტესტირების ჩატარება. საქართველომ ეს პანდემიის ადრეულ ეტაპზე მოახერხა და ეტაპობრივად ზრდის ტესტირების შესაძლებლობებს. ბოლო დღეებში საქართველოში ჩატარებული კოვიდტესტების რაოდენობამ დღეში 35 ათასსაც კი მიაღწია, რაც საქართველოს სიდიდის ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კოვიდპაციენტები კლინიკური მკურნალობის მენეჯმენტის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. საქართველო მონაწილეობდა კლინიკურ კვლევებში, რომელიც მე უკვე ვახსენე და, რომელთა მიზანიც იყო „კოვიდ-19“-ის მკურნალობის საუკეთესო მეთოდებისა და საშუალებების გამოვლენა. ამავე დროს, საქართველო აგრძელებს საავადმყოფოების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რათა შეძლონ კოვიდპაციენტების მიღება. კოვიდინფიცირებულთა მისაღებად საჭირო საწოლების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. ამის გარდა, პირველად ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ექიმები მსუბუქი ფორმების მქონე პაციენტებს სახლებში აკვირდებოდნენ. ჩვენ ვნახეთ ინოვაციური მიდგომებიც. მათ შორის დავასახელებდი ე.წ. კოვიდსასტუმროებს, სადაც მსუბუქი ფორმით ინფიცირებული პაციენტები განათავსეს. ასეთი პრაქტიკა პირველად საქართველომ დანერგა და ახლა ჩვენ ასეთივე ნაბიჯების გადადგმას სხვა ქვეყნებსაც ვურჩევთ. საქართველო ასევე ეფექტურად შეძლო სამედიცინო პერსონალის დაცვა. მათთვის ხელმისაწვდომი იყო, როგორც ტესტები, ისე დამცავი აღჭურვილობა. ბოლოს კი, ისევ ვაქცინებს დავუბრუნდები. საქართველო სრულ მზადყოფნაშია, დაიწყოს იმუნიზაციის პროცესი. საქართველო აქვს ვაქცინაციის, ვაქცინების განაწილებისა და იმუნიზაციის ყოვლისმომცველი გეგმა, რომლიც ამოქმედებაც უკვე დაიწყო.
– აუცილებლად უნდა გკითხოთ კიდევ ერთ სადავო საკითხზე, რაც ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას ეხება, რათა მოგზაურობა შესაძლებელი გახდეს. როგორ აფასებს ამ ნაბიჯს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?
დიახ, ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოში სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ასევე ჯანდაცვის რეგულაციების საერთაშორისო კომიტეტმა ბოლო შეხვედრის დროს ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღების რეკომენდაცია არ გასცეს, მაგრამ არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომელთა შეგროვებაც ახლაც ხდება და კოვიდპასპორტებისა თუ სერტიფიკატების თემაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპასპორტების დანერგვის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა დღეს არსებობს კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ამ ინიციატივას არ ვეთანხმებით. ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინების შეზღუდული რაოდენობაა. ვაქცინები ჯერ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახლავთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პირველ ეტაპზე აცრა პრიორიტეტულ ჯგუფებს გაუკეთდეს. მათ შორის სამედიცინო პერსონალს, ხანდაზმულებს და ა.შ. ამ შეზღუდვების გამო კოვიდპასპორეტების შემოღებასთან დაკავშირებით ჩნდება ეთიკური და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. ამას გარდა, ჩვენ ჯერ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, თუ როგორ რეაგირებს აცრის შემდეგ ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსზე, რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი და ა.შ. ასევე, არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა აცრილი ადამიანი ვირუსის გადამტანი და ა.შ. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ მონაცემებს და ამ საკითხზე მსჯელობა გრძელდება. ზოგადად, ვაქცინაციის სერტიფიკატის გაცემას მივესალმებით, რადგან ეს გვეხმარება აცრილი ადამიანების რაოდენობისა და ვაქცინების ეფექტურობის დადგენაში. თუმცა, თუ ადამიანს ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ აქვს, ეს არ უნდა გახდეს დაბრკოლება მოგზაურობისთვის.
– და ბოლოს, როდესაც კაცობრიობამ უკვე შექმნა რამდენიმე ვაქცინა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როდის დასრულდება პანდემია?
პროგნოზის გაკეთებას ამ სიტუაციაში ყველა ერიდება. ისტორიიდან ვიცით, რომ მსგავსი მასშტაბის პანდემიები, როგორც წესი, ორი წელი გრძელდება. ახლა „კოვიდ-19“-ის პანდემიის მეორე წელია, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის. ვხედავთ, რომ ქვეყნების ნაწილში ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს. ეს ხდება შეზღუდვებისა და ვაქცინაციის პირობებშიც კი. ასევე საგანგაშო ტენდენციას წარმოადგენს ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება. ამიტომ, ვაქცინაცია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აცრა გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც ბევრ მსხვერპლსა და მოქალაქეთა საავადმყოფოში გადაყვანას აგვაცილებს თავიდან. თუმცა, მხოლოდ ვაქცინა ვერ დაასრულებს პანდემიას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი საშუალება, ვაქცინა ამ ბრძოლაში მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ასევე აუცილებელია ტესტირების, ინფიცირებულების იდენტიფიცირების, იზოლაციის, ასევე პაციენტების მკურნალობის გაგრძელება. აუცილებელია სხვა ზომების შენარჩუნებაც, რათა ვირუსის შესახებ მეტი გავიგოთ და გავაკონტროლოთ პანდემია. ეს თავიდან აგვარიდებს ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელებას.