სილვიო ბერლუსკონის საჯარო თანამდებობის დაკავებაზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნეს
იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის საჯარო თანამდებობის დაკავებაზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, გადაწყვტილება მილანის სასამართლომ მიიღო.
როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, აღნიშნულმა ვერდიქტმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იტალიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
როგორც ცნობილია, ამჟამად იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირების მიზნით პოპულისტური „5 ვარსკვლავის მოძრაობისა“ და ულტრა მემარჯვენეების მოლაპარაკებები გრძელდება. პარტიებს მთავრობის ფორმირებისთვის ვადა დღის ბოლომდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იტალიის პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.
ბერლუსკონისთვის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შეზღუდვის მოხსნა, იტალიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ზრდის, რადგან ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ მისმა პარტიამ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა უკეთესს შედეგებს მიაღწიოს.
„ბერლუსკონის კვლავ შეუძლია იყოს კანდიდატი. როგორც იქნა 5 წლიანი უსამართლობა დასრულდა“, – ეს განცხადება Twitter-ით სილვიო ბერლუსკონის პარტიამ გაავრცელა.
ბერლუსკონის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის შეზღუდვა, თაღლითობასა და გადასახადებისთვის თავის არიდების გამო ჰქონდა დაწესებული.