სილვია შტიობერი - სააკაშვილს თავი ევროპელად მოჰქონდა, მაგრამ მისი ქმედებები დემოკრატიული ნამდვილად არ იყო, საქართველო მაშინ დემოკრატიზაციის გზაზე არ იდგა
60-იანი წლების ევროპასა და საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს შორის გარკვეული პარალელების გავლება შესაძლებელია, მაგრამ საქართველოში სრულიად სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რადგან ლიბერალური მოძრაობა არსებობს, მაგრამ არსებობს ტრადიციული ღირებულებებიც, რაც სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს, – ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ექსპერტმა აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სილვია შტიობერმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„გარკვეული პარალელები არსებობს, მაგრამ განვითარება სრულიად სხვაგვარია. ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურებული იყო. იქ სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც საქართველოშიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ევროპაში ეკონომიკური სასწაული, აღმავლობა არსებობდა, რაც ადამიანებმა იგრძნეს და ახალგაზრდებს ბორკილების ჩამოგდება უნდოდათ. 80-იანი წლების მუსიკა, სექსუალური ორიენტაცია და სექსუალური რევოლუცია, 70-იან წლებში მწვანეთა მოძრაობის გაძლიერება და 90-იან წლებში მათ მიერ პოლიტიკაში სერიოზული სიტყვის თქმა ვფიქრობ, ერთგვარი გათავისუფლება იყო“, – განაცხადა შტიობერმა.
ამ განცხადებით სილვია შტიობერმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აგონებს თუ არა მას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები 60-იანი წლების ევროპას, როცა ახალგაზრდების ჯანყი, ნარკოტიკი, მუსიკა, ინდივიდუალური სივრცის მოთხოვნა, თავისუფალი დროის გატარების უფლება და ლგბტ საზოგადოების უფლებები ფაქტორი იყო.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს თავი ძალიან ევროპელად და დემოკრატიულად მოჰქონდა, მაგრამ მისი ქმედებები დემოკრატიული ნამდვილად არ იყო, საქართველო მაშინ დემოკრატიზაციის გზაზე ნამდვილად არ იდგა და არც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორებულა.