სიხარულიძემ დუბლი შეასრულა - „საბურთალომ“ „სამტრედიას“ სძლია #1TVSPORT
„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა და წარმატებული თამაშების სერია გააგრძელა.
ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ შეხვედრაში „საბურთალოს“ პირველივე ტაიმში დაწინაურების რეალური შანს ჰქონდა. თბილისელებმა 36-ე წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, იური ტაბატაძემ შეასრულა, მაგრამ „სამტერდიის“ მეკარე რეზო ლომიძემ ბურთი მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
„საბურთალომ“ მიზანს მეორე ტაიმში ირაკლი სიხარულიძის შედეგიანი თამაშით მიაღწია – 70-ე წუთზე მცველების გარემოცვაში მყოფმა თბილისელთა თავდამსხმელმა ზუსტად დაარტყა, ხოლო 89-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილის მშვენიერი გადაცემით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
14 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 26 ქულა დააგროვა და გადაასწრო „დინამო თბილისს“ (24, რომელსაც ტურის მატჩი გასამართი აქვს) და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამტრედია“ (7) ბოლო, მეათე ადგილზე დარჩა.