სიღნაღში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა ახალი აშენდება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩაიდო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება.
როგორც სამსახურში განმარტავენ, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.
„ეს იქნება გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობა არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, არამედ მოხალისეებსაც შეეძლებათ“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა.
შენობაში მეხანძრე-მაშველებისთვის სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი. ახალი შენობის გახსნისთანავე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკიც განახლდება.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს ახალი დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება.