სიეტლში, ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული აქციის ერთი მონაწილე საავადმყოფოში გარდაიცვალა
სიეტლში, საავადმყოფოში გარდაიცვალა საპროტესტო აქციის მონაწილე ქალი, რომელსაც მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე პირის მდგომარეობა მძიმეა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს მანქანა 3 ივლისს დაეჯახა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა ქალი დაშავდა. მძღოლი, 27 წლის ადგილობრივი მცხოვრები მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიებისთვის ჯერ უცნობია, დაეჯახა თუ არა ის აქციის მონაწილეებს მიზანმიმართულად.
სიეტლში საპროტესტო აქციები 25 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და პერმანენტულად იმართება.