სიეტლი-სტამბოლის რეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა
სიეტლი-სტამბოლის რეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა

სიეტლი-სტამბოლის ავიარეისზე თურქეთის ავიახაზების პილოტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 59 წლის კაპიტანი ილჩეჰინ ფეჰლივანი ფრენის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც თვითმფრინავის მართვა მეორე პილოტმა და თანაპილოტმა გადაიბარეს.

„პილოტისთვის პირველადი დახმარების გაწევის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ეკიპაჟმა გადაწყვიტა, ავარიული დაშვება განეხორციელებინა, თუმცა კაპიტანი დაშვებამდე გარდაიცვალა“, – დაწერა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა, იაჰია უსტუნმა სოციალურ ქსელში.

Airbus A350-ის ტიპის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება ნიუ-იორკში განახორციელა.

თურქეთის ავიახაზების განცხადებით, ფეჰლივანი კომპანიაში 2007 წლიდან მუშაობდა. მარტის დასაწყისში მას რეგულარული სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც ჯანმრთელობის რაიმე სახის პრობლემა არ გამოავლინა.

პილოტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.