„სიენენის“ ინფორმაციით, მინეაპოლისის მერი აქციიდან შეძახილებით გააძევეს
მინეაპოლისში, სადაც აშშ-ის მასშტაბით ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო ტალღა დაიწყო, აქციის მონაწილეებსა და ქალაქის მერს, ჯეიკობ ფრეის შორის შელაპარაკება მოხდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, აქციაზე მისულმა მერმა აქციის მონაწილეების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ პოლიციის დაფინანსების შემცირებას არ ემხრობა, რის შემდეგაც ის აქციიდან „სირცხვილიას“ შეძახილებით გააძევეს. ჯეიკობ ფრეის სპიკერმა „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მერი მხარს უჭერს პოლიციის სიღრმისეულ, სტრუქტურულ რეფორმებსა და სისტემური რასიზმის აღმოფხვრას, თუმცა ის პოლიციის დეპარტამენტის გაუქმებას არ აპირებს.
მინეაპოლისში, სადაც აქციები აგრესიული ფორმით მიმდინარეობდა, უკვე რამდენიმე დღეა მოვლენები შედარებით მშვიდობიანად ვითარდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.