„სიენენის“ ინფორმაციით, გოგონა, რომელიც გასულ კვირას მიანმარის დედაქალაქში გამართულ აქციაზე თავის არეში დაიჭრა, გარდაიცვალა
გოგონა, რომელიც გასულ კვირას მიანმარის დედაქალაქში გამართულ აქციაზე თავის არეში დაიჭრა, გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ გარდაცვლილის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 წლის ახალგაზრდა 9 თებერვლიდან საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„სიენენი“ იუწყება, რომ მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. პარტიის „ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის“ პრესსპიკერის თქმით, ტყვიამ გოგონას ჩაფხუტი გახვრიტა.
შეგახსენებთ, რომ მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა, მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პირველ თებერვალს ასობით ადამიანი, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი აუნ სან სუ ჩი დააკავეს.
მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები არაერთხელ გამოიყენა.