„სიენენი“ - ვლადიმერ პუტინს განზრახული აქვს, უკრაინაში ომი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააჭიანუროს, მას იმედი აქვს, არჩევნებში ტრამპი ან რომელიმე რესპუბლიკელი გაიმარჯვებს
„სიენენის“ ცნობით, ვლადიმერ პუტინს განზრახული აქვს, უკრაინაში ომი აშშ-ში 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააჭიანუროს.
როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტები აშშ-ის ადმინისტრაციაში ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერენ, პუტინს იმედი აქვს, რომ 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი ან სხვა რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც უკრაინას აქტიურად აღარ დაეხმარება. შედეგად კი რუსეთის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან გამყარდება.
„პუტინმა იცის, რომ ტრამპი მას დაეხმარება. ეს იციან უკრაინელებმაც და ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც. მართალია, ჩვენ ასეთი რამ მკაფიოდ არ გვინახავს, მაგრამ ყველა ამაზე ფიქრობს“, – აცხადებენ თეთრ სახლში.
ევროპელი დიპლომატი, რომლის ვინაობასაც „სიენენი“ არ ასაჯაროებს, აცხადებს, რომ პუტინის გეგმა ომის 2024 წლის არჩევნებამდე გაჭიანურებააა და რუსეთის პრეზიდენტი მას არ გადაუხვევს.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ამ დრომდე რჩება რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფავორიტად. მან არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს მოლაპარაკებების გზით დაასრულებს.