„სიენენი“ - თეთრმა სახლმა ამერიკულ მედიასაშუალებებს მიმართა წერილით, გააძლიერონ რესპუბლიკელების მიერ დაწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის კონტროლი
„სიენენი“ - თეთრმა სახლმა ამერიკულ მედიასაშუალებებს მიმართა წერილით, გააძლიერონ რესპუბლიკელების მიერ დაწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის კონტროლი

თეთრმა სახლმა ამერიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ მოუწოდა, გაამკაცრონ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებზე კონტროლი მას შემდეგ, რაც სპიკერმა, კევინ მაკარტიმ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის დანაშაულის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ავრცელებს, რომლის ცნობითაც, აღნიშნული წერილი მან პირველმა მოიპოვა.

„დროა, მედიამ გააძლიეროს კონტროლი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებზე სიცრუეზე დაყრდნობით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გამო“, – წერს თეთრი სახლის მრჩეველთა კანცელარიის პრესსპიკერი იან სემსი.

როგორც წერილშია აღნიშნული, რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უნდა იყოს „განგაშის ზარი ახალი ამბების ორგანიზაციებისთვის“.

როგორც „სიენენისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნული წერილი თეთრმა სახლმა აშშ-ის უმსხვილესი მედია ორგანიზაციების, მათ შორის „სიენენის“, „ნიუ იორკ თაიმსის“, „ფოქს ნიუსის“, „ესოშიეტიდ პრესის“, „სიბიეს ნიუსის“ და სხვების ხელმძღვანელებს გაუგზავნა.

კორესპონდენციის დაგზავნა მაკარტის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევის დაწყების შესახებ განცხდების გაკეთებიდან მეორე დღეს მოხდა.

„წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები, რომელთა უმრავლესობა უარყოფს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამე სამართალდარღვევა ჩაიდინა, უკვე დიდი ხანია, უსაფუძვლოდ ცდილობენ, წარმოაჩინონ ბაიდენი როგორც კორუმპირებული, დამნაშავე პოლიტიკოსი, რომელიც დაკავებულია მავნებლური საქმიანობით. იმის მიუხედავად, რომ მედია ორგანიზაციებმა ამ საკითხზე მრავალი ფაქტის შემოწმება გამოაქვეყნეს, მათ ასევე ვერ მოახერხეს თავიანთ რეპორტაჟებში მტკიცედ გაექარწყლებინათ რესპუბლიკელების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რაც ბაიდენის თეთრი სახლის მაღალჩინოსნების იმედგაცრუებას იწვევდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მედიამ მეტი უნდა გააკეთოს სიცრუის გასაქარწყლებლად“, – აღნიშნულია „სიენენის“ პუბლიკაციაში.

გაგზავნილ წერილში თეთრი სახლი სთხოვს ახალი ამბების ორგანიზაციებს, იყვნენ უფრო ფხიზლად იმპიჩმენტის პროცედურის გაშუქებისას და არ გაეხვნენ რეპორტაჟის დროს „ცრუ ექვივალნტობის მახეში“.

„იმპიჩმენტის პროცედურის გაშუქება ამგვარი მიდგომით – რესპუბლიკელები ამბობენ X-ს, ხოლო თეთრი სახლი ამბობს Y-ს, არის ცუდი სამსახურის გაწევა ამერიკული საზოგადოებისთვის, რომელიც ენდობა დამოუკიდებელ პრესას, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს ძალაუფლების მქონე პირებს“, – ნათქვამია წერილში.